კოხრეიძე და ქიმაძე დისკვალიფიკაციით დასაჯეს
14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები განიხილა.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “საბურთალოს” თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე და თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი გიორგი ქიმაძე მეტოქე გუნდის მოთამაშეებისათვის შეფურთხების გამო დაისაჯნენ.
“პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, საბურთალო – თელავის მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეო-ჩანაწერის ანალიზის შემდეგ არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ საბურთალოს ფეხბურთელს გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2 ათას ლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.
ამას გარდა, სხდომაზე ტორპედო – დინამო თბილისის 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს. თბილისის დინამოს ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება) სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელს თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ფოტო: “საბურთალო”