კონფედერაციათა თასზე ბრინჯაოს მედლები პორტუგალიელებმა აიღეს (ვიდეო)
2017 წლის კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილი პორტუგალიის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში მექსიკა დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც ახალშეძენილი შვილების გამო პორტუგალიელთა ბანაკიდან გათავისუფლება ითხოვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოამ ანდრე სილვას პენალტი აუღო, მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში კი ლათინოამერიკელები ლუის ნეტუს ავტოგოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის კომპენსირებულ დროში პეპემ წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
ექსტრატაიმში მექსიკის ნაკრების კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანი დარტყმა ადრიენ სილვამ შეასრულა და ევროპელები დააწინაურა. დამატებით დროში გუნდები მოედანზე ათ-ათი კაცით დარჩნენ: ჯერ მეორე ყვითელი ბარათი პორტუგალიელ ნელსონ სემედუს უჩვენეს, მოგვიანებით კი მისი ბედი მექსიკელმა რაულ ხიმენესმა გაიზიარა.
მატჩის ბოლოს პორტუგალიის ნაკრების საჯარიმო მოედანზე სადავო ეპიზოდი განვითარდა, თუმცა პენალტი არ დანიშნულა. მექსიკელთა თავკაცი ხუან კარლოს ოსორიო საკმაოდ აქტიურად გამოხატავდა პროტესტს, რის გამოც ისიც გააძევეს.
საბოლოო ჯამში, პორტუგალიის ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს.