კონფლიქტი ევრასა და ლიზარაზუს შორის
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი პატრის ევრა ჟურნალისტთა ნაწილს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. 32 წლის ფეხბურთელის უკმაყოფილება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ბიქსენტ ლიზარაზუს სიტყვებმა გამოიწვია. ლიზარაზუმ, რომელიც ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს, ევრა გააკრიტიკა.
„ზოგიერთი ფრანგი ჟურნალისტი ნამდვილი პარაზიტია. ისინი ხალხს ატყუებენ, რათა უარყოფითი კუთხით წარმომაჩინონ. 2010 წლის მუნდიალზე ჩემთვის არ დაუსტვენიათ. ამპარტავანი ვარ? ეს არაფერია. ხალხი ქუჩაში თბილად მხვდება, პრობლემა არავისთან მაქვს, მხოლოდ – რამდენიმე კომენტატორთან. ლიზარაზუს ვგულისხმობ, რომელიც არ ვიცი, რატომ გამოდის ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, რაიმე მიზეზი აქვს. ორჯერ გავხდი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, ოთხჯერ კი – პრემიერლიგის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველი. ის ოდესმე დაუსახელებიათ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მარცხენა მცველად? ლიზარაზუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხელი არ ჩამომართვა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში პირველი მატჩი ჩავატარე“, – აღნიშნა ევრამ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში.
ლიზარაზუმ, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობას მიეკუთვნება, ევრას შესახებ ასეთი რამ თქვა:
„ის ამბობს, რომ იმიჯს უბღალავენ. განა ეს არის ჩვენი ვალდებულება? ევრა საკუთარ თავს თვითონვე უშავებს. მან ერთხელ უკვე შებღალა თავისი იმიჯი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა იგივეს იმეორებს“.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალზე ევრა ნიკოლა ანელკას პროტესტს შეუერთდა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.
ბექა დოგრაშვილი