კონფლიქტი “ინტერში”: დატოვებს გუნდს ანტონიო კონტე?
“სკაი იტალია” იუწყება, რომ მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
იტალიის სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაში “ნერაძურიმ” გასვლაზე ბერგამოს “ატალანტა” დაამარცხა და ვერცხლის მედლებს დაუეფლა. მატჩის შემდეგ კონტემ თქვა, რომ “ინტერის” ხელმძღვანელობა მას და მილანური გუნდის ფეხბურთელებს არ იცავს. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებს, რითაც მისი შესაძლო წასვლის შესახებ მიანიშნა.
იტალიელი ინსაიდერების ინფორმაციით, “ინტერიდან” ანტონიო კონტეს აბარგება სავსებით შესაძლებელია. კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებებით უკმაყოფილოა და თვლის, რომ კონტეს თავკაცობის პერიოდში შემადგენლობის გაძლიერება “შავ-ლურჯების” განწყობასა და ამბიციებზე მიანიშნებს.
უახლოეს მომავალში ანტონიო კონტე “ინტერის” ხელმძღვანელობას შეხვდება და შექმნილ მდგომარეობას განიხილავს. “სკაის” ცნობით, კონტეს წასვლის შემთხვევაში, “ნერაძურის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის ყველაზე რეალური კანდიდატი მასიმილიანო ალეგრი გახლავთ.