კონტე: “გოლის დროს ტევესი თამაშგარეში იყო”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, “ტორინოს” წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით გამარჯვებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ერთადერთი ბურთი ფრანგმა პოლ პოგბამ გაიტანა, თუმცა თავდასხმისას კარლოს ტევესი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“როგორც მითხრეს, კარლოსი თამაშგარეში იყო, მაგრამ მან თავისი ტერფი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, როდესაც მის წინააღმდეგ ჩირო იმობილემ იუხეშა. ამ ეპიზოდში ჩიროს გაძევება აუცილებელი იყო და ათი კაცით დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო”, – აცხადებს ანტონიო კონტე.
“მსაჯთა შეცდომები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, სადავო ეპიზოდები ყოველთვის ხშირად იქნება, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. ამ მატჩში ჩვენ უდიდესი ყურადღება გამოვიჩინეთ და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით. გამარჯვება მხოლოდ ერთმა დაიმსახურა, ეს ერთი კი “იუვენტუსია”, – დაასრულა “ბებერი ქალბატონის” თავკაცმა.
სანდრო საპანაძე