კონტე “ინტერს” საგანგებო წერილით დაემშვიდობა
გუშინ, მილანის “ინტერსა” და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. იტალიელი სპეციალისტი “ნერაძურის” საგანგებო წერილით დაემშვიდობა:
“ეს რა მოგზაურობა მოვაწყვეთ ამ ორი წლის განმავლობაში?!ყოველდღიურად განვითარებულმა ძალამ, განწყობამ, ნებამ, მსხვერპლთგაღებამ დაამსხვრია ჩვენ გარშემო არსებული მედიდურობის ლოგიკა.
არავითარი საბაბი, არანაირი ალიბი, მხოლოდ შრომა, შრომა და შრომა პატივისცემასა და განათლებასთან ერთად. 11 წლის შემდეგ სკუდეტო “ინტერს” დავუბრუნეთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კლუბი დავაბრუნეთ იმ ადგილას, რომელსაც ის საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების გამო იმსახურებს.
მადლობა მათ, ვინც ეს შესაძლებელი გახადა! ფეხბურთელებს, სტაფს, პრეზიდენტს, მენეჯერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა და გვქომაგობდა.
მინდა ვუთხრა “ინტერის” ფანებს, რომ პანდემიისგან გამოწვეულ ყველასთვის რთულ პერიოდში მათ მხარდაჭერასა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდით.
ყოველთვის თან მექნება “სან სიროზე” აღმართული სკუდეტოს ფოტო. მადლობა!” – დაწერა კონტემ.