კონტე: ”ირლანდიელებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარეს”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ირლანდიასთან დამარცხების შემდეგ (0:1) პირველი კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ წაგების მიუხედავად ”სკუადრა აძურა” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და 1/8 – ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
”გადავწყვიტე, რომ გუშინდელ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი დამესვენებინა. წინ ძალიან პრინციპული მატჩი გველის და რომელიმე მოთამაშის დაკლება ცუდი იქნება.
ჩემი აზრით, ის ფეხბურთელები, რომლებმაც მატჩი ჩაატარეს ცუდად არ გამოიყურებოდნენ.
გუშინ, ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა ჩვენმა მეტოქემ მოახერხა.
რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია. საჭიროა, რომ მათ წინააღმდეგ გამართული ფეხბურთი ვაჩვენოთ,” – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა E ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს და 27 ივნისს, თბილისის დროით 20:00 წუთზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.