კონტე: “კანტეს “რომასთან” დაბრუნება შეუძლია”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მატჩში რომის”რომა” ლონდონის “ჩელსის” მასპინძლობს. ინგლისელების ნახევარმცველი, ნ’გოლო კანტე უკვე ხუთი მატჩია, გუნდს ვერ ეხმარება. მას ბარძაყზე აქვს დაზიანება. ასევე, ლაზარეთში იმყოფებიან დენი დრინქვოთერი და ვიქტორ მოზესი.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის დანაკლისზე ისაუბრა.
“ჩვენ სასტარტო შემადგენლობის სამი ფეხბურთელი არ გვყავს. თუმცა, დრინქვოთერი და კანტე თითქმის მზად არიან. რაც შეეხება მოზესს, მას უფრო მეტი დრო სჭირდება და “რომასთან” ვერანაირად ვერ ითამაშებს. კანტე ჩვენთან ერთად “ბორნმუთთან” შეხვედრამდეც ვარჯიშობდა. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რა რთულია, მძიმე ტრავმის მოშუშება და შემდეგ დაბრუნება. ამიტომ, აუცილებელია, სხვებთან ერთად, მოვუსმინო თავად კანტეს. ხვალ, როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვეცდებით. მთავარია, მისი დაბრუნების შანსი არსებობს. ვნახოთ, რა იქნება,” – აცხადებს ანტონიო კონტე.