კონტე: “მომხდარზე უეფას დაფიქრება მართებს”
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპული სუპერლიგის შეჩერებული პროექტისა და უეფას მოქმედი სისტემის შესახებ ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ყველამ მოვისმინეთ ეს ამბები. როგორც სპორტის ადამიანი, ვთვლი, რომ ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ, ისტორიას პატივი უნდა ვცეთ.
არასოდეს უნდა დავივიწყოთ სპორტისადმი ვნება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სპორტი უნდა იყოს მერიტოკრატიული. მერიტოკრატია უნდა იყოს პირველი და უმნიშვნელოვანესი პრინციპი.
ამავე დროს, უეფას მომხდარზე დაფიქრება მართებს. ისინი ატარებენ ტურნირებს და იღებენ უფლებათა უმეტეს ნაწილს, ხოლო უშუალოდ შეჯიბრებებზე მონაწილე კლუბებს მცირე ნაწილი ხვდებათ.
დატვირთული გრაფიკის გამო ფეხბურთელები ლიმონივით არიან გამოწურულნი და ამის სანაცვლოდ საკმაოდ ცოტას იღებენ. აქედან გამომდინარე, ორგანიზატორებს მართებთ უფრო შესაფერისი სისტემის შემოღება, ვინაიდან კლუბები ინვესტიციებს დებენ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებში და ისინი იმსახურებენ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს პერსონალის კვლაწარმოებისთვის.
თუ უფლებებიდან იღებ ათს, აქედან შვიდს შენთვის იტოვებს და სამს დანარჩენებს უნაწილებს, ეს სამართლიანი არ არის. ჩემი აზრით, გადანაწილება სხვანაირად უნდა ხდებოდეს”, – კონტეს სიტყვებს Football-Italia აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ “ინტერი” სუპერლიგის ერთ-ერთი წევრი იყო.