კონტე პრემიერლიგაში ბრუნდება
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ავტორიტეტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ტოტენჰემ ჰოთსპური” კონტესთან წელიწადნახევრიან კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. წყაროს თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტე ხელშეკრულების გასაფორმებლად ლონდონში უკვე ჩაფრინდა.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა. ლონდონურ კლუბს პრემიერლიგის ათი ტურის თავზე 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2016-დან 2018 წლამდე ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. კონტე ბოლოს მილანის “ინტერს” ედგა სათავეში, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში იტალიის სერია A მოიგო.