კონტე სატრანსფერო პოლიტიკაზე: “ორი-სამი ფეხბურთელი უნდა იყიდო და არა რვა”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “არისტოკრატთა” ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და წარუმატებლობის ძირითად მიზეზებზეც ისაუბრა.
“რეალისტები უნდა ვიყოთ და სწორად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა – ოთხეულში მოხვედრისთვის ვიბრძვით. ერთიენები უნდა ვიყოთ და მომავალში, შესაძლებლობის შემთხვევაში ორი-სამი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ და არა – რვა.
წარმატების საწინდარი კარგი გუნდია, რისთვისაც 16 ფეხბურთელია საჭირო. გასულ ზაფხულს რვა ფეხბურთელი ვიყიდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ბირთვი, საფუძველი არ არსებობდა.
ბოლო წლებში მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს. მოთმინება და რწმენა გვმართებს. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენს გზას გავყვეთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
ამ დროისთვის “ჩელსი” 50 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ტოტენჰემს”.