კონტე: „ტოტის და დე როსის პასუხს მოედანზე გავცემთ“
იტალიის სერია A დღეს მე-18 ტურით განახლდება. ცენტრალური მატჩი ტურინში შედგება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „რომას“ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილს „ბებერი ქალბატონი“ 46 ქულით ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან „რომას“ 5 ქულით უსწრებს.
რომაელმა „მგლებმა“ უკვე გაჰკრეს კბილი ტურინელებს, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ „რომა“ „იუვენტუსს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯობს, მეტოქე კი უბრალოდ კარგად შეკრული გუნდია. კაპიტნის ამ მოსაზრებას მხარი დანიელე დე როსიმაც დაუჭირა.
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ეს განცხადება პროვოკაციად აღიქვა.
„როდესაც საქმე ასეთ პროვოკაციასთან გაქვს, უბრალოდ ხუმრობად უნდა მიიღო ეს სიტყვები. ტოტისა და დე როსის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისინი პასუხს მოედანზე მიიღებენ. ბოლო ორწელიწადნახევარია, ეს საქმე კარგად გამოგვდის. მგონია, რომ იტალიაში პოლემიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.
რაც შეეხებამ რუდი გარსიას კამპანია, რომაელებს სამი წლის წინაც ასეთივე თავგადასავალი ჰქონდათ ლუის ენრიკესთან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ორჯერ მოვიგეთ სკუდეტო და ორჯერ – იტალიის სუპერთასი. ალბათ, რომაელებმა სატრანსფერო ბაზარზე შეცდომები დაუშვეს. შესაძლოა, „რომამ“ ის ფეხბურთელები ვერ აარჩია, რომლებიც სჭირდებოდა. არადა, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ისინი ხარჯავდნენ.
ბოლო სამი წელიწადია, ჩვენ ვიგებთ და არც შეცდომები მოგვდის, თუმცა ახლა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ. გარედან ზოგს შეიძლება ეს იოლი ეგონოს, მაგრამ ჩვენ ექსტაორდინალური მუშაობის გაწევა გვიწევს.
ბარძალის, ტევესისა და პირლოს თამაში საეჭვოა. გადაწყვეტილებას მივიღებ, არაფრის არ მეშინია. მყავს ის შემადგენლობა, რომელსაც შემიძლია, დავეყრდნო“, – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი