კონტე: „წინ მთელი მეორე ტურია“
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება სკუდეტოს მოგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა ტიტულის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ზომიერად კმაყოფილი ვარ, სრულად კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც საბოლოო მიზანს მივაღწევთ. ეს გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საჩემპიონო რბოლის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ მთელი მეორე ტურია. რვაქულიანი სხვაობა სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. კონცენტრაცია რომ დავკარგოთ, შეიძლება მოვლენები ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდეს.
გამიმართლა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, როგორებიც არიან ბუფონი, პირლო და ტევესი. მათ უკვე გაიმარჯვეს და იციან, როგორ უნდა ავიდნენ მწვერვალზე. ლორენტეს თამაშიც მომეწონა, ფერნანდო მეტად სარგებლიანად ირჯებოდა“, – კონტეს სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი