კონტემ ბენიტესს მოუბოდიშა
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ თავკაც რაფელ ბენიტესს ბოდიში მოუხადა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დაწყვილდა, ბენიტესმა პრესის მეშვეობით კონტეს შესთავაზა, გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად პორტუგალიური კლუბი დამარცხებული მყავს და თუ გინდა, რჩევებს მოგცემო. „ბებერი ქალბატონის“ თავკაცმა შემოთავაზებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებმა ბენიტესის სიტყვებს უარყოფითი ელფერი შესძინეს და ესპანელი სპეციალისტის წინადადება ამიტომაც იუარა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ბენიტესის სიტყვები პრესაში უარყოფითი ასპექტით გავრცელდა. მე მგონია, რომ რაფამ ამ განცხადებით ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, თუმცა რამდენიმე გაზეთმა მისი სიტყვები არასწორად გაავრცელა. ვფიქრობ, ბენიტესი გულწრფელი იყო, ამიტომ მე მას ბოდიშს ვუხდი“, – განუცხადა კონტემ „რაი სპორტს“.
ბექა დოგრაშვილი