კონტემ ჩემპიონატში გალიდერების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში მილანის “ინტერმა” საკუთარ კედლებში რომის “ლაციოს” დამარცხება შეძლო ანგარიშით 3:1. შედეგად “ნერაძური” სატურნირო ცხრილში გალიდერდა, რაზეც ანტონიო კონტემ პრესასთან ისაუბრა.
“ვულოცავ სიმონე ინძაგის იმას, რომ ძალიან ძლიერი, ორგანიზებული და მაღალი დონის გუნდი ჰყავს. ის ფაქტი, რომ ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდათ მოგებული, მათ სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენმა გამარჯვებამ კი “ინტერის” მენტალური სიძლიერე დაამტკიცა.
ცხრილში პირველი პოზიციის დაკავება ჩვენი მიზანია, რომლისთვისაც საკმაოდ დიდი ხანია ვიბრძვით. ძალიან ბედნიერები ვართ პირველ ადგილზე ყოფნით. ეს დასაწყისი უნდა იყოს და არა დასასრული. ჩვენ დიდი ამბიციების გუნდი ვართ,” – აცხადებს კონტე.
ამ დროისთვის “ინტერი” ცხრილს 50 ქულით ლიდერობს და ერთი ქულით უსწრებს თანაქალაქელ “მილანს”. მესამე პოზიციას 43 ქულით “რომა” იკავებს, რომელსაც 42 ქულით “ნაპოლი” მოსდევს.