კონტეს იტალიის ნაკრების თავკაცობა სურს
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღიარა, რომ მას იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების სურვილი აქვს.
„ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა. იტალიის ნაკრების თავკაცად ყოფნა – ჩემი ოცნებაა. „სკუადრა აძურას“ დამრიგებელი ვალდებულია, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს, რადგან გუნდისთვის პირველი ადგილის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობს“, – აღნიშნა კონტემ.
„არსებობს სიტუაცია, როდესაც სულ ათი დღე გაქვს და ამ დროში გუნდთან მუშაობა უნდა მოასწრო და მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთის შესახებ შენი იდეები შესთავაზო“, – თვლის „ბიანკონერის“ თავკაცი.
„მთავარი მწვრთნელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყოველდღე დაახლოებით ოცდაათ ფეხბურთელთან გვიწევს საუბარი. გარდა ამისა, მუდმივი კონტაქტი ექიმებთან, გულემატკივრებთან და ჟურნალისტებთანაც გვაქვს. ყოველი მატჩისთვის სტრატეგია უნდა ავირჩიოთ“.
„თუ შემთავაზებენ, იტალიის ნაკრებს დიდი სიამოვნებით ვუთავკაცებ“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი