კორღალიძე “საბურთალოს” 19 წლამდელთა გუნდს გაწვრთნის
ახალგაზრდა მწვრთნელი ლევან კორღალიძე, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობს, ამიერიდან 19 წლამდელთა გუნდს გაწვრთნის – კორღალიძემ ახალ გუნდთან პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.
ხსენებულ ასაკში საბურთალოელები ძირითადად 2001 წელს დაბადებულებით ითამაშებს, ასევე გუნდში იქნება რამდენიმე 2000 წლიანიც. “საბურთალოს” გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ 16-17 წლის ფეხბურთელების დიდი ნაწილითაა დაკომპლექტებული “საბურთალო”-2, რომელიც წლეულს ლიგა 3-ში იასპარეზებს. გეტყვით, რომ კორღალიძეს გუნდის გაწვრთნაში გიორგი ღამბაშიძე და ლევან ყუფარაძე დაეხმარებიან.
“რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასაკის გუნდის გაწვრთნა საპასუხისმგებლოა, მაგრამ 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელობა დიდი პატივია, ამავდროულად გამოწვევაც. საქართველოში ბოლო პერიოდში ამ ასაკის ჩემპიონატს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან გამარჯვებული გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს. ბუნებრივია მსურს, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გუნდი ევროტურნირებზე მოხვდეს, “საბურთალო” იმსახურებს მსგავსი დონის ტურნირებზე თამაშს. გასულ წელს, როდესაც ჩვენი გუნდი თურქულ “ბურსას” დაუპირისპირდა, ორი თამაშის ჯამში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.”
რაც შეეხება ჩემს ყოფილ გუნდს, 17 წლამდელთა შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა და უფრო მაღალ დონეზე მიეცა თამაშის საშუალება.
უახლოეს პერიოდში PRO ლიცენზიის კურსები დაიწყება, სადაც სხვებთან ერთად მეც გავიღრმავებ ცოდნას. ესეც ახალი გამოწვევაა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. თუ გინდა, რომ ადამიანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიო და განვითარდე, მუდამ სწავლის რეჟიმში უნდა იყო”, – აცხადებს ლევან კოღღალიძე.