კორონაპანდემიის მიუხედავად, წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება ჩატარდება

თარიღი: ნოემბერი 21, 2020

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია მაინც შედგება, თუმცა მას ონლაინღონისძიების სახე ექნება. ცერემონია 17 დეკემბერს არის ჩანიშნული, ღონისძიებაზე 11 ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებენ. ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებს 15 დღის განმავლობაში – 25 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე გამოკითხავენ. მიღებული ხმებით წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, სულ კი 11 ნომინაციაში გამარჯვებულს დაასახელებენ:

  • საუკეთესო ფეხბურთელი
  • საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • კაცთა საუკეთესო მწვრთნელი
  • ქალთა საუკეთესო მწვრთნელი
  • კაცთა წლის გუნდი
  • ქალთა წლის გუნდი
  • საუკეთესო კაცი მეკარე
  • საუკეთესო ქალი მეკარე
  • ჯილდო სამართლიანი თამაშისთვის
  • პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის
  • გულშემატკივრის ჯილდო

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა. გეტყვით იმასაც, რომ კორონაპანდემიის გამო “ოქროს ბურთის” დაჯილდოება წელს არ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები