კოულმენი: “ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს”
უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ქრის კოულმენმა მადრიდის “რეალის” შემტევზე, გარეთ ბეილზე ისაუბრა, რომელსაც ტრავმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
“მინდა ბეილს ბედნიერს ვხედავდე, სადაც არ უნდა იყოს ის. როგორც უელსის ნაკრების მწვრთნელს, მირჩევნია, რომ ის “რეალში” დარჩეს, სადაც უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
ბოლო დროს, მას ტრავმები ძალიან აწუხებს. ამიტომაც ვთვლი, რომ ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს. იქ გაცილებით მეტი ფიზიკური ორთაბრძოლაა, ვიდრე ესპანეთში. ეს მისივე უსაფრთხოებისთვის არის უმჯობესი.
როდესაც ის ბედნიერია, ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს. ასე რომ, მთავარია თავს კარგად გრძნობდეს. თუ მადრიდში ასე არ არის, ჯობს, სხვაგან წავიდეს,” -აცხადებს კოულმენი.