კოუსილიასი: „არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია“
„მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიცირებული თავკაცის, მანუელ პელეგრინის თანაშემწე რუბენ კოუსილიასმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბარსელონასთან“ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ ფეხბურთელთა მოქმედებებით კმაყოფილია. გარდა ამისა, ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა იმ მიზეზზეც ისაუბრა, თუ რატომ ითამაშა ინგლისურმა კლუბმა ერთი თავდამსხმელით.
„მეორე ტაიმში სამი-ოთხი რეალური შანსი გვქონდა, თუმც ერთი ფორვარდით ვთამაშობდით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორი თავდამსხმელითაც ამდენ მომენტს შევქმნიდით. როგორც წესი, ორი ფორვარდით ვთამაშობთ, მაგრამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში კარგი ნახევარდაცვით ცენტრალური ხაზი უნდა გაგვეძლიერებინა. არა მგონია, ორი თავდამსხმელით უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. ვცდილობდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ხდება, როცა შესაძლებლობებს ვერ იყენებ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმც გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები რობოტები არ არიან და ვერც წარუმატებლობას გადაურჩები, როცა ასეთი გადატვირთული კალენდარი გაქვს. მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ“, – კოუსილიასის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი