კოუტინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღოს
კატალონიური პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიომ სულ მალე პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღოს.
როგორც იცით, “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელის მეუღლე წარმოშობით პორტუგალიელია. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში უკვე მესამე წელს ატარებს. ხოლო, თუ ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთი მაინც არის პორტუგალიელი, მეორესაც თავისუფლად შეუძლია ამ ქვეყნის მოქალაქე გახდეს.
პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, “ბარსელონას” ერთი ადგილი გაუთავისუფლდება ევროკავშირის არაწევრი ფეხბურთელის მისაღებად. მათ რიგებში უკვე შევსებულია სამი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელი მოთამაშის ადგილი – კოუტინიო, პაულინიო და იერი მინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 2014 წელს დაახლოებით იგივე პროცედურები განახორციელა ლუის სუარესმაც. ურუგვაელმა მეუღლის მხარდაჭერით იტალიის მოქალაქეობა მიიღო.