კოვაჩი: “ბაიერნისგან” განსხვავებით კლოპმა ბოლო ოთხ წელიწადში 500 მილიონი დახარჯა”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულთან” გამოვარდნის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, პრესასთან ისაუბრა. ამ უკანასკნელმა გერმანული და ინგლისური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკებს შორის არსებულ სხვაობას გაუსვა ხაზი.
“მართალია, ფულით ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ ფაქტია, რომ იურგენ კლოპმა ბოლო ოთხ წელიწადში 500 მილიონი დახარჯა მაშინ, როდესაც ბუნდესლიგის ფლაგმანმა, ჩემპიონმა ეს არ გააკეთა. ეს მათ დიდ უპირატესობას აძლევთ.
საკუთარ თავს არ უნდა მოვატყუოთ. შემთხვევით არ მომხდარა, რომ სამი გერმანული კლუბი ასპარეზობას სამმა ინგლისურმა გუნდმა გამოთიშა. უმაღლესი დონის ფეხბურთელებს ყოველთვის პრემიერ ლიგაში გადასვლა ურჩევნიათ.
ისღა დაგვრჩენია, რომ მომავალი სეზონისთვის მოვემზადოთ და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ,” – აცხადებს კოვაჩი, რომლის მომავალიც დღემდე ბურუსითაა მოცული.