კრიშტიანო რონალდუს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით
ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა და სამძიმარი გამოუცხადა ადამიანებს, რომლებმაც ამ პერიოდში ახლობლები დაკარგეს. ასევე, მან გაამხნევა ექიმები, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
რონალდუს განცხადება:
“მსოფლიოს ახლა ძალიან რთული მომენტი უდგას, რაც ყველა ჩვენგანისაგან უაღრესად დიდ ყურადრებას მოითხოვს. დღეს გესაუბრებით არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა, ადამიანი, რომელიც ბოლო დროს მსოფლიოში არსებული პრობლემით შეშფოთებულია.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა მმართველი უწყებების რჩევები, რათა არსებულ სიტუაციაში სწორად ვიმოქმედოთ.
ადამიანის უსაფრთხოება ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას. მინდა, მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისთვის ახლო ადამიანი დაკარგა. სოლიდარობას ვუცხადებ მათ, ვინც ვირუსს ებრძვის, ჩემი თანაგუნდელი დანიელე რუგანის მსგავსად. მხარდაჭერას ვუცხადებ იმ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
კრიშტიანო რონალდუ.”