კრიშტიანუ რონალდუ: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას დავესწრები“
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა, დაესწრება თუ არა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა რონალდუს ლეო მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოდიში არ მიიღო და არც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდუმ გადაწყვეტილება შეცვალა.
„ცერემონიას დავესწრები. არ ვიცი, ვის გადასცემენ მთავარ ჯილდოს: მე, მესის თუ რიბერის. ჩემი საქმის გაკეთებას ვცდილობ, „რეალს“ გოლებითა და კარგი თამაშით ვეხმარები. თუ „ოქროს ბურთს“ დავისაკუთრებ, გამიხარდება. თუ ვერა, არც ეს იქნება პრობლემა, ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ცხოვრება ჩვეულ რითმში გაგრძელდება“, – რონალდუს სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 13 იანვარს, ციურიხში შედგება.
ბექა დოგრაშვილი