კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდეს
იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, კრიშტიანუ რონალდუ სერიოზულად განიხილავს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შესაძლებლობას და მზად არის, ამისთვის ხელფასის შემცირებაზეც დათანხმდეს.
როგორც იცით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ დროისთვის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს. რონალდუს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისის თვეში ეწურება.
“ბებერი ქალბატონი” ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რაც მთავარი მოტივი გახლდათ, აწ უკვე ჩაშლილი ევროპის სუპერლიგის პროექტში მათი აქტიური მონაწილეობისა. შესაბამისად, “იუვენტუსი” ყველაფერს გააკეთებს, რათა ტრანსფერებით მაქსიმალურად დიდი თანხა გამოიმუშავოს.
ამ დროისთვის რონალდუ “იუვენტუსში” ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს. “ოლდ ტრაფორდელები” კი ყოფილი ლიდერისთვის 20 მილიონის შეთავაზებას გეგმავენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რონალდუს მადრიდის “რეალშიც” უწინასწარმეტყველებდნენ დაბრუნებას, თუმცა ფლორენტინო პერესმა ტრანსფერი გამორიცხა.