კრისტიან ერიქსენმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
მილანის “ინტერისა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ფეხბურთელმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
“მადლობას გიხდით ამდენი მოკითხვისთვის. საოცარი იყო მათი ხილვა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველაფერი რიგზეა. სასიამოვნო იყო გუშინდელი ფანტასტიკური მატჩის შემდეგ ბიჭების ნახვა. ვფიქრობ, არაა აუცილებელი იმის თქმა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ შეხვედრაში მათ მხარს დავუჭერ”.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის 12 ივნისს გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ექიმებს მინდორზე ფეხბურთელისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში გულის მასაჟის გაკეთება მოუწიათ, შემდეგ კი სტადიონიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.