“კუკესის” პროტესტი: “ალბანეთის სახელმწიფოს ვაცნობებთ, თუ რა პრობლემები შეგვიქმნა საქართველომ”
ალბანური “კუკესი” ქუთაისის “ტორპედოს” პროტესტს უცხადებს და ქუთაისური კლუბის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე მისვლას არ აპირებს. ალბანელები “ტორპედოსთან” ურთიერთობას წყვეტენ – ამის შესახებ მათ განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნეს.
“ხანგრძლივი და რთული მოგზაურობის შემდეგ საქართველოში ჩამოვედით. ქართულმა მხარემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. დღეს დილით გუნდი სასტუმრო “რედისონ ბლუში” დაბინავდა. მასპინძელი კლუბი ჩვენთვის დაბრკოლებების შექმნას აგრძელებს და ვერ აკმაყოფილებს მინიმუმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროტურნირებზე უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ვიზას უკავშირდება. მიუხედავად ქართული მხარის დაპირებებისა, ვალონ ეტემი, ედის მალიქიტი და რეჟინალდო ფაიტის ვიზის საკითხი ვერ მოგვარდა. სამი ფეხბურთელი გუნდთან ერთად თბილისში ვერ გამოფრინდა.
ჩვენი მეკარე, ფატონ მალოკუ და სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი თბილისის აეროპორტში შვიდი საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული. საბოლოოდ, ისინი საქართველოს დროით 11:00 საათზე შემოგვიერთდნენ.
ქართველები თბილად არ შეგხვდნენ. მალოკუს პრობლემას რომ თავი დავანებოთ, მასპინძელმა კლუბმა სასტუმრომდე ესკორტით არ გაგვაცილა. ისინი თავიანთი ქმედებებით ცდილობენ, რომ “კუკესი” მატჩს დაღლილ მდგომარეობაში შეხვდეს.
ასეთი დამოკიდებულება ფეირ-ფლეის პრინციპებს არ შეესაბამება. “კუკესი” “ტორპედოსთან” ურთიერთობას წყვეტს. პროტესტის ნიშნად, მათ ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამს არ დავესწრებით, რის შესახებაც უეფას მატჩის დელეგატებს ვაცნობეთ.
ჩვენი კლუბი “ტორპედოსგან” მეგობრულ დამოკიდებულებას ელოდა, მაგრამ ასეთი მასპინძლობის შემდეგ, დავრწმუნდით, რომ ასე არ არის. ჩვენ ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი ძარია გვყავს – ის კარგი მოთამაშე და პიროვნებაა.
შეიძლება, იმის თქმაც, რომ რასიზმის პრობლემა იკვეთება, რასაც უეფა ეწინააღმდეგება. იმედი გვაქვს, მეტოქის ასეთი დამოკიდებულება მოტივაციას აგვიმაღლებს, ბოლომდე დავიხარჯებით და საქართველოს ღირსეულად დავტოვებთ. ალბანეთის სახელმწიფოს ვაცნობებთ, თუ რა სირთულეები შეგვიქმნა საქართველომ მატჩის წინ, ამიტომ გარკვეული ზომების მიღება საჭიროა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ტორპედოსა” და “კუკესის” შორის პირველი მატჩი 9 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.