კუმანი დათმობაზე არ მიდის და “ბარსელონასგან” 12 მილიონს ითხოვს
რონალდ კუმანი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ოქტომბრის თვის მიწურულს გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ყველაფერს აკეთებს, რომ კლუბისგან კომპენსაციის სახით დიდი თანხა მიიღოს.
როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელშეკრულებაში კომპენსაციის თანხად 12 მილიონი ევროა მითითებული, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა მიეღო, თუ კლუბი კონტრაქტს დროზე ადრე გაუწყვეტდა.
“ბარსელონასთვის” ფინანსური კრიზისის ფონზე ასეთი თანხის გადახდა დიდ პრობლემას წარმოადგენს. Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანამ” რონალდს თანხის 7-8 მილიონამდე დაკლება სთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კუმანმა ხელფასის 45 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. “ბარსელონას” კი ჯერაც არ გადაუხდია სრულად კიკე სეტიენის კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციისთვის დაკისრებული 14 მილიონი.