კუმანი: “ჯერ ისევ “ევერტონის” მწვრთნელი ვარ”
მერსესაიდის “ევერტონი” პრემიერ ლიგის რვა ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-15 ადგილზეა. რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ ორი თამაშის მოგება მოახერხა, ამდენივე ფრედ ითამაშა და დანარჩენში დამარცხდა.
ხვალ მერსესაიდელები ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდებიან. მატჩამდე გუნდის ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც არსებულ რთულ სიტუაციას შეეხო.
“იმედგაცრუება ცხოვრების ნაწილია, შესაბამისად, – ფეხბურთისაც. ეს მაშინ ხდება, როცა ვერ იგებ. მძულს წაგება. თუმცა, ჯერ ისევ “ევერტონის” მწვრთნელი ვარ და ვიბრძვი პრობლემების გადაჭრისთვის. რა თქმა უნდა, ვგრძნობ ზეწოლას. ვუყურებ ტელევიზორს და ზოგჯერ სოციალურ მედიაშიც ვარ. ვიცი, რა ხდება ჩემს გარშემო. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. თუმცა, ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებ. წინ ვიყურები და სამი ქულის აღებას ვგეგმავ. ვფიქრობ, კვირას ყველა უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე გუშინდელი მარცხის შემდეგ (ლიონის “ოლიმპიკთან” ევროპის ლიგაზე, ავტ.).”
“ხელმძღვანელობასთან მაქვს ყოველდღიური, ყოველკვირეული კონტაქტი. ისინი მენდობიან. მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუცმა, ყველა შედარებით უფრო დამწუხრებულია, რაც ლოგიკურია,” – აცხადებს კუმანი.