კურიოზი: რატომ დარჩა ჩუპო-მოტინგი კამერუნის ნაკრების განაცხადს მიღმა?
აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში კამერუნის ნაკრებს მიუნხენის “ბაიერნის” ვარსკვლავი, ერიკ ჩუპო-მოტინგი, ვერ დაეხმარება. ეს უკანასკნელი ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.
გერმანული ტაბლოიდი Bild-ის ცნობით, კამერუნის ნაკრების მწვრთნელ ტონი კონსეისაოს ჩუპო-მოტინგი განაცხადში შეყვანილი ჰყავდა, თუმცა ტექნიკურ ოპერაციებში შეცდომა გაიპარა.
საქმე ის გახლავთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ შემტევს გამოძახების მეილი არ მიუღია. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძახების შინაარსის მატარებელი მოსაწვევი ჩუპო-მოტინგის ნაცვლად თავიანთ მეილზე გადააგზავნა.
“პრობლემის დასადგენად “ბაიერნს” დავუკავშირდი და დამიდასტურეს, რომ მოწვევა არ მიუღიათ. როგორც ჩანს, სხვა მისამართზე გადააგზავნეს. ჩემთვის ეს პროფესიონალიზმის ნაკლებობის მანიშნებელია,” – აცხადებს ჩუპო-მოტინგი.