კვარა და ჩაკვე – ქართველი ტალანტები, რომლებიც კარიერას ინგრევენ!
ჯერ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ ისე გაიბრწყინა, საქართველოს ნაკრები პირადად მისი გოლების წყალობით ამარცხებდა მეტოქეებს, შემდეგ ჩაკვემ ტრავმა მიიღო და ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც ნაკრებს წინ მიუძღოდა და გრანდების კარებები დალაშქრა.
დღეს ერთი მათგანი ბელგიური “გენტის” განაცხადში ვერ ხვდება, მეორე კი ყაზანის “რუბინიდან” თავის დაღწევას ვერ ახერხებს.
ჩაკვე უკვე 3 მატჩია მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავს და თასზეც არ ათამაშა, მიზეზად კი მისი საშინელი ფორმა დაასახელა. როგორც ჩანს, ფეხბურთელის მოტივაცია დაკარგულია და სერიოზული პრობლემები აქვს. 2017 წლიდან ბელგიაში ასპარეზობს, ჯერ ოპერაცია სპეციალურად დაგვიანებით გაუკეთეს და მას შემდეგ ძველი ჩაკვეტაძე არ გვინახავს. დროა, “გენტი” დატოვოს და თუნდაც, დროებით, თბილისის “დინამოში” დაბრუნდეს, სადაც ნდობა, სათამაშო დრო და შესაბამისი გარემო ექნება შექმნილი. ეს არ იქნება უკანგადადგმული ნაბიჯი, გიორგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.
კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრაში შეცვლისას ხელთათმანები მოისროლა, სლუცკის ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელში წავიდა. ხვიჩა რამდენიმე თვე ელოდებოდა, რომ ახალ გუნდში გადავიდოდა, მაგრამ არაფერი მოხდა და მანაც მოტივაცია დაკარგა. თუ ზამთარში რამე არ შეიცვალა, დიდი შანსია, კვარაც ჩაკვეს გზას დაადგეს და სათამაშო დრო შეუმცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთს მალე მოშორდეს და თუნდაც ევროპის საშუალო გუნდში გადავიდეს, საიდანაც ტოპ კლუბში მოხვედრა გაცილებით მარტივი იქნება.
ჩაკვეტაძე – კვარაცხელიას კარიერაში დიდი როლი მათმა აგენტებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც არამხოლოდ აგენტები, “არამედ, ფსიქოლოგებიც და მხარდამჭერებიც” არიან. თუ ორივე მათგანი ფორმაში იქნება, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლება.