კვარას მხარდაჭერა მამარდას – “ამ ბიჭს ჩემზე უკეთ ბევრი არ იცნობს და ვიცი, რა შეუძლია მეგობრის დასაცავად”
ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vini შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს” – დაწერა კვარაცხელიამ.
ბოლო რამდენიმე დღეა მადრიდის “რეალის” შემტევის, ვინისიუს ჯუნიორის ფანები მამარდას რასიზმში დებენ ბრალს, როცა თანაგუნდელს გამოექომაგა და ვინისიუსს დაუპირისპირდა.
გარდა ამისა, თვითონ მამარდაშვილმაც საჯაროდ მიმართა ბრაზილიელს.
“ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ.”