კვარაცხელია: “სადაც უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ, იქ მიმიწევს გული”
ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში “სპორტის საათი” საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ამ ეტაპზე, ტრანსფერთან დაკავშირებით, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია. შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან ბევრი მოლაპარაკება და ახლაც მიმდინარეობს კლუბთან და აგენტთან საუბარი. ვფიქრობ, გადამწყვეტ ფაზაში შედის ტრანსფერის საკითხი.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა. სადაც უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ, იქ მიმიწევს გულიც. ყველა კარგ გუნდში უკვე არის დიდი კონკურენცია და კონკურენცია ჩემთვისაც უკეთესი იქნება. მე ამისთვის მზად ვარ. ჩემ თავში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო.
ლა ლიგის ყურებით ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებ, რადგან თითქმის ყველა გუნდი ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. ჩემი ოცნებაა ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელიც თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ბურთთან ერთად იქნება.
“ლიდსთან” მოლაპარაკებები იყო და შეიძლება გაგრძელდეს კიდეც, წინასწარ თქმა რთულია. არ მიყვარს წინასწარ საუბარი.
კარგი კლუბი თუ დიდი ხელფასი? რა თქმა უნდა, კარგ კლუბს ავირჩევ. მთელი ბავშვობა ჩემი ოცნება ის იყო, რომ იმ გუნდში მეთამაშა, რომელშიც მინდოდა და ტიტული მომეპოვებინა. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფულს. ჩემი მიზანია დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ის ოცნებები ავიხდინო, რაც მაქვს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგასენებთ, რომ ხვიჩას მიმართ სერიოზულ ინტერესს “მილანი”, “იუვენტუსი”, “ლიდსი”, “სევილია” და სხვა კლუბები იჩენენ.