კვეკვესკირი: “კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთი არის ქართული სპორტი”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვსკირმა ლატვიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.
26 წლის ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებაში მათ როლს ხაზი გაუსვა.
“პირველ რიგში, მინდა, მადლობით დავიწყო. გულშემატკივარს მთელი გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთი არის ქართული სპორტი. დღეს ძალიან ლამაზად გვიგულშემატკივრეს და როდესაც გაგვიჭირდა, გულშემატკივარმა გუნდში კიდევ უფრო დადებითი ემოციები შემოიტანა. მათ ის ძალა გვაპოვნინეს, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა.
გოლის გატანა გაგვიჭირდა. მატჩის წინაც ყველა ვამბობდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. რაც შეეხება მეტოქის ხუთ მცველს, ეს ცოტა სურპრიზი იყო. ვიცოდით, რომ ლატვია დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებდა და ისიც ვიცოდით, თუ როგორი თამაში იქნებოდა. ნამდვილი ნერვების თამაში გამოვიდა და ჩვენდა სასიხარულოთ, გამარჯვებით დავასრულეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
როცა გუნდი 11 კაცით უკან დგას და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ქულა წაგართვას, ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან რთულია. დღეს დაცვითი ფეხბურთის თამაში ყველამ იცის, შეტევა კი რთულია. ყველა მატჩი რთული იქნება. იმედი მაქვს, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და კიდევ უფრო მაღალ ხარისხს შემოიტანენ გუნდის შეტევით პოტენციალში.
სამი კვირაა შემდეგ შეკრებამდე დარჩენილი. ახლაც იმაზე გვქონდა მწვრთნელებსა და ბიჭებს საუბარი, რომ ჩვენც, ფეხბურთელები მოახლოებული მატჩებისთვის ინდივიდუალურადაც უნდა მოვემზადოთ. უდიდესი ემოციები გვაქვს. ვიცით ყველამ, რა გვინდა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ოცნება და მისკენ მივდივართ. იმედია, ქართველ გულშემატკივართან ერთად ჩვენს ოცნებამდე მივალთ”, – განაცხადა კვეკვესკირმა.