კვირას, არკულზე, ორი ჯილდოსთვის
“რაგბი ევროპის” პირველობის გადამწყვეტ მატჩში “ბორჯღალოსნები” საუკეთესო 23-ეულით ერკინებიან რუმინელ “მუხებს” (სტეჟარი)
თამაში კვირას, 19 მარტს, 17 საათზეა ბუქარესტის “არკულზე” გაიმართება. მასპინძელთა ხელყოფისგან უნდა დავიცვათ ორი ჯილდო – ჩემპიონის სარგო “რაგბი ევროპის” ფარი და სამეზობლო “ანთიმოზ ივერიელის თასი”, მოვლენას კი ეშხს ჰმატებს ის, რომ ტესტი ჩვენი ნაკრების ისტორიაში სანიშანსვეტო, მეორასეა (200)
ოპტიმალური რაზმი
ბორჯღალოსნების ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა ტურნირის ოთხი რკენა შეგირდებზე დასაკვირვებლად გამოიყენა და სარუმინეთოდ ოპტიმალური რაზმი დაასახელა
წინა, რუსეთთან თამაშის შემდეგ, დამწყებ 15-ეულში სამად-სამი სიახლეა:
შუამარბად დაგვიბრუნდა მოკეთებული მერაბ “ბუკა” შარიქაძე და დავით კაჭარავას შეუწყვილდა;
მღლეტელად ითამაშებს გიორგი “კოკი” თხილაიშვილი, ვინაც “დათვებთან” შეისვენა;
მარჯვენა ბურჯად კი, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.
დიდ მატჩებში გამოცდილება რომ ფრიად ფასობს, მარქაფას დაემატა გამობრძმედილი ღერძი – ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე.
სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ნორჩი ბექი, გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია
250 ბორჯღალოსანი
რუმინეთს ნაკრებით 1998 წლიდან ვერაგბებით. ბოლო 10 წლის ბალანსი 9-1*1 რომაა ჩვენს სასარგებლოდ, “მუხებს” ჯამშიც ვჯობნით 11-8*1 (ქულა 385:348, ლელო 33/29)
ორი მართლ’მადიდებელი ქვეყნის საზიარო წმინდანის, ანთიმოზ ივერიელის თასი ჩვენს შებმებში 2002 წლიდან თამაშდება და აქაც წინა ვართ 10-5, მორიგი გამარჯვებით კი 15 გათამაშებაში მეათედ ვიჩემპიონებთ და სლემს მეშვიდედ გავახერხებთ
კვირას 70-ე კეპს მოიხვეჭს გიორგი ნემსაძე, 1989 წელს შექმნილი ნაკრები კი მე-200 მატჩს გამართავს
ბორჯღალოსნების აქამდელი ბალანსია 122 მოგება – 70 წაგება * 7 ფრე; ქულათა სხვაობაა +1011, ლელოთა +183; სულ კი, 29 წელში, გვყოლია ზუსტად 250 ბორჯღალოსანი
Rugby.Ge