კვირის კარიკატურები
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მართალია, წყვილის პირველ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს მიერ გამოყენებულმა „ავტობუსის“ სახელწოდებით ცნობილმა ტაქტიკამ იმუშავა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში ლონდონელებს გაცილებით აქტიური თამაში მართებდათ. „ავტობუსმა“ ვეღარ ივარგა, შესაძლოა საწვავი გამოელია – ასე ეხმაურება ცნობილი კარიკატურისტი ომარ მომანი ამ შეხვედრის შედეგს.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა. მადრიდის „რეალმა“ „ალიანს არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში 5:0 აჯობა. მეორე შეხვედრაში დუბლით სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს თავი. პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-16 გოლი გაიტანა, რაც ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლისაბონის „ბენფიკამ“ ტურინის „იუვენტუსი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანურ „სევილიას“ შეხვედება. მომანის ნახატზე გმირ ლისაბონელებს ზეციდან ესალმებიან ეუსებიო და მარიუ კოლუნა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალნენ.