კვირის კარიკატურები — „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“
ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში წააგო. კარიკატურისტმა ომარ მომანმა „ბენფიკას“ ყოფილი თავკაცის, ბელა გუტმანის სიტყვები გაიხსენა. 1962 წელს გუტმანმა პორტუგალიურ გუნდთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა უნგრელმა მწვრთნელმა დაკავებული პოსტი დატოვა და თან ასეთი რამ თქვა: „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ჩემს გარეშე ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“. მას შემდეგ ლისაბონური კლუბი ევროთასების ფინალში რვაჯერ გავიდა და რვაჯერვე დამარცხდა.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 23 წლამდე ექვსი ფეხბურთელია შეყვანილი: ლიუკ შოუ, რაჰიმ სტერლინგი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როს ბარკლი, ფილ ჯონსი და ჯეკ უილშირი. ასე რომ, უეინ რუნისა და დანარჩენ გამოცდილ მოთამაშეებს ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com