კვირის კარიკატურები — გაპარული ლავესი, დასჯილი „ბარსა“, ლექტორი ფერგი, ზლატანის უარი მოუს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ შორის პირველი მატჩი გაიმართა. ლონდონელმა მცველებმა მთავარი აქცენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ედინსონ კავანიზე გააკეთეს და ამ დროს ესეკიელ ლავესი გამოეპარათ, რომელმაც პარიზული კლუბი მე-4 წუთზე დააწინაურა. ისე კი, ფრანგებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს.
როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ფიფასგან სერიოზული სანქცია მიიღო: მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო კატალონიურ კლუბს უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა კლუბიდან ფეხბურთელის დამატებას უკრძალავს. „ბარსელონა“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კიპერ ანდრე ტერ შტეგენის დამატებას აპირებდა და თუ ფიფას ვერდიქტი არ შეიცვლება, კატალონიელებისთვის სატრანსფერო ფანჯარა არც გაიხსნება. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა, რომელზედაც ცხარე ცრემლით ატირებული ანდონი სუბისარეტა და ის ფეხბურთელები არიან, რომელთა ყიდვასაც „ბარსელონა“ აპირებდა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ტერ შტეგენია.
პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. ამ თემას ეძღვნება ომარ მომანის კარიკატურაც. მხატვარი იუმორით მიგვანიშნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცუდი არ იქნება, თუ დევიდ მოიესი ფერგიუსონის ლექციებს დაესწრება.
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხშირად წუწუნებს, რომ გუნდს ძლიერი თავდასხმის ხაზი არ ჰყავს. ომარ მომანის შემდეგი კარიკატურის თანახმად, პორტუგალიელ სპეციალისტს „პარი სენ-ჟერმენიდან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვა ჰქონია განზრახული, თუმცა შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე უარს აცხადებს: „დღის წესრიგში არ დგას ჩემი ინგლისში გადაბარგების საკითხი. ეს გამორიცხულია“.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com