კვირკველია “რუბინის” მწვრთნელს: “მადლობა, ხავი, ჩემი რომ არ გჯეროდა”
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ სოციალურ ქსელ Instagram-ში თავისი ყოფილი გუნდის, ყაზანის “რუბინის” მთავარ მწვრთნელს, ხავი გარსიას მიმართა.
მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერ ლიგაში სოლომონ კვირკველია ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ყველასათვის მოულოდნელად, მიმდინარე სეზონში მას “რუბინის” შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, რის ის გამოც უკამყოფილებას გამოთქვამდა. თებერვალში, 25 წლის ქართველი იჯარით მოსკოვის “ლოკომოტივს” შეუერთდა და მალევე ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.
ესპანელ სპეციალისტს რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის წინ კითხვა სოლომონ კვირკველიაზე დაუსვეს, მან კი განაცხადა, რომ ყოფილ ფეხბურთელებზე აღარ უნდა იფიქრონ.
“თუ გუნდი კარგ შედეგს ვერ აღწევს, მაშინ იმ ფეხბურთელებს იხსენებენ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დაგვტოვეს ან არ თამაშობენ. მოდი, ნუ ვიდარდებთ მათზე, ვინც ახლა ჩვენთან ერთად აღარ არის და ვიფიქროთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენი გუნდის წევრები არიან. დიახ, ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, მცველებმა სწორად ვერ იმოქმედეს და გოლები გავუშვით, მაგრამ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან. შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ მალე ძველებურად ვითამაშებთ”, – ციტირებს ხავი გარსიას სიტყვებს business-gazeta.ru.
კვირკველია ხავი გარსიას განცხადებას ასე გამოეხმაურა: “მადლობა, ხავი, ჩემი რომ არ გჯეროდა. შენი მადლობელი ვარ, რადგან ახლა “ლოკომოტივში” ვარ. იმედი მაქვს, ჩემს დაბრუნებას არ მოისურვებ.”