კვლევა: კონტრაქტები, ხელფასები, გარიგებული მატჩები — რა მდგომარეობაა საქართველოში?
პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფორმაციაა მოცემული. დოკუმენტში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს შესახებაც არის სხვადასხვა ცნობები შეტანილი.
ორგანიზაციამ საქართველოში დასაქმებული 114 პროფესიონალი ფეხბურთელი გამოიკითხა. კვლევაში ყველაზე საგანგაშო გარიგებული მატჩების შესახებ მოცემული ინფორმაციაა. საქართველოში გამოკითხულთა 34 პროცენტი აცხადებს, რომ ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობაზე შემოთავაზება ჰქონია. ეს არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, საქართველოში პროფესიონალი ფეხბურთელის თვიური ანაზღაურება 600-დან 1000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ბოლო ორი სეზონის მონაცემების საფუძველზე, ანაზღაურება დაგვიანებით გამოკითხულთა 34 პროცენტს მიუღია. დაგვიანებული პერიოდი უმეტესად 1-3 თვეს მოიცავს. საქართველოში კონტრაქტის საშუალო ხანგრძლივობა 29 თვეა. 83 პროცენტი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით არის მისული, 11 პროცენტის ტრანსფერი განხორციელდა, 6 პროცენტი კი ახალგაზრდული გუნდიდან არის გადასული. გამოკითხულთა 33 პროცენტი ფანების, კლუბის სტაფის ან სხვა მოთამაშეთა მიერ შეურაცხყოფის მსხვერპლი გამხდარა. ეს ევროპაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გამოკითხულთა 27 პროცენტი სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილოა. 1 პროცენტი ამჟამინდელ კლუბში თავს დაუცველად გრძნობს.
საქართველოს პროცენტულად მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია წერილობით გაფორმებული კონტრაქტების რაოდენობით, ასევე კვირაში დასვენებისთვის გამოყოფილი პერიოდის ხანგრძლივობით.