La Stampa: ევრამ „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

თარიღი: მაისი 18, 2014

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი პატრის ევრა ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა.

Football Italia „ლა სტამპაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს ფრანგი ფეხბურთელი ტურინს ეწვია, სადაც „ბიანკონერისთან“ კონტრაქტის ბოლო დეტალები განიხილა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. ამდენად, ევრა „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურინულმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ აგრეთვე უსასყიდლოდ გადმოიბირა ევრას თანამემამულე პოლ პოგბა.

ფრანგი მცველისთვის იტალია უცხო არ არის, რადგან კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო. ის 1998-დამ 2000 წლამდე იტალიურ კლუბებში – „მარსალასა“ და „მონცაში“ გამოდიოდა. ევრა იტალიურ ენასაც თავისუფლად ფლობს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მცველი „იუვენტუსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები