ლადო ბურდული: „შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს“
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თურქეთის შეკრებიდან ჩამოსული ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის ლადო ბურდულის პრესკონფერენცია შედგა.
„ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს. აქედან გამომდინარე,, შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს.
შეკრება ნაყოფიერი გამოგვივიდა. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. უკვე მესამე წელია ჩვენ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გავდივართ, სადაც საუკეთესო პირობები გვაქვს. ერთ-ერთი კარგი სპარინგები ჩვენ გვქონდა. ძლიერ მეტოქეებს შევხვდით, რომელთა შორისაც იგივე ბელორუსის „ბატე“ იყო. გამოსაყოფია უზბეკეთის „ლოკომოტივი“, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. ბოლო მატჩი მოლდოვის „შეტიფთან“ გავმართეთ. ჩვენი ევროპელი მეტოქეები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე სტაბილურად გამოდიან. სუსტ მეტოქეებთან თამაში არც გვსურდა.
შევხვდით რუმინეთის ნაკრებსაც, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მივიღეთ. მან ჩემპიონატში წარმატება გვისურვა.
თურქეთში ძალიან გაუკვირდათ, რომ ჩემპიონატში ასეთ ადგილს ვიკავებთ. მათ ეს იმით ავუხსენი, რომ „სიონი“ ჯერ შენების პროცესშია.
ჩვენი მოთამაშეებით რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი ინტერესდება. რა თქმა უნდა, მათი დარჩენა კარგი იქნება, თუმცა ამ ბიჭების ევროპაში თამაში საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება“, – განაცხადა ბოლნისელთა დამრიგებელმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „სიონმა“ კლუბის 9 ახალწვეული წარადგინა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრიდან ბოლნისელებს გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ცოტნე თებურია, დავით საჯაია დახმარებიან. გარდა ამისა, „სიონის“ რიგებში ორი ლეგიონერიც ითამაშებს – ლადო ბურდულის გუნდს ბრაზილიელი ენდრიუ არაუჟო და პორტუგალიელი ლუის ალბერტო იეირა მედინა შეუერთდნენ.