“ლაიფციგმა” “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია (ვიდეო)
ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ ჟოზე ალვალადეზე” “ლაიფციგსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი “ლაიფციგის” მცირე სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაიმი უგოლოდ მიილია. გერმანელებმა დაწინაურება 51-ე წუთზე შეძლეს, გუნდი დანი ოლმომ გაიყვანა წინ, რის შედეგადაც ესპანელები შედარებით გააქტიურდნენ. მალევე მოედანზე გამოვიდა ჟოაუ ფელიქსი, რომელმაც 70-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. თერმეტმეტრიანი დარტყმა თავად პორტუგალიელმა შეასრულა და წონასწორობა აღდგა – 1:1. 88-ე წუთზე “ლაიფციგი” შეცვლაზე შემოსული ტაილერ ადამსის გოლის წყალობით შეხვედრაში მეორედ დაწინაურდა და გუნდმა ეს უპირატესობა აღარ გაანიავა – 2:1.
“ლაიფციგი” ნახევარფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი
“ლაიფციგი” — “ატლეტიკო” 2:1 (0:0)
გოლები: ოლმო 51′, ადამსი 88′ — ჟოაუ ფელიქსი 71′ (პენ).