ლაკაზეტმა პოსტი მოიწონა, რომელშიც ემერისა და ჯაკას აკრიტიკებდნენ
ლონდონის “არსენალში” განხეთქილების ნიშნები შეიმჩნევა. პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა – “მეთოფეებმა” ფრედ დაასრულეს “კრისტალ პალასთან” მატჩი, რომელშიც 2:0 იყვნენ დაწინაურებულნი.
გარდა არასახარბიელო შედეგისა, გუშინდელ შეხვედრაში “ემირეიტსზე” შეკრებილმა პუბლიკამ გრანიტ ჯაკა სტვენით გააცილა მოედნიდან. ამ ყოველივეს შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გინებით უპასუხა, რამაც ფანები განსაკუთრებით გააღიზიანა.
დღეს კი Daily Mail აქვეყნებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრ ლაკაზეტმა “არსენალის” ერთ-ერთი ფანის პოსტი მოიწონა სოციალურ ქსელში, სადაც გრანიტ ჯაკასა და უნაი ემერის აკრიტიკებენ.
“ბოდიში, მაგრამ მეტს ვეღარ მოვითმენ. არ შეიძლება სახლში “კრისტალ პალასს” 2-0-ს უგებდე და თამაში ფრედ დაასრულო. ემერი, მე შენ მხარს გიჭერდი, მაგრამ, ძმაო, საკმარისი საკმარისია.
ჯაკას კი შეუძლია თავად წავიდეს ჯანდაბაში. აღარ მინდა მისი სასტარტოში ხილვა,” – ვკითხულობთ განცხადებაში ჰეშთეგით – დრო ამოიწურა.