ლამპარდი ანრის დაეწია
ინგლისის პრემიერლიგის XVI ტურში “მანჩესტერ სიტიმ” ფრენკ ლამპარდის კინკილა გოლის წყალობით “ლესტერ სიტი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 36 წლის ინგლისელი ნახევარმცველი პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუთანაბრდა.
ანრისა და ლამპარდის ანგარიშზე 175-175 გოლია. პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის ისინი მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.
“ძალიან ბედნიერი ვარ. არ მეგონა, რომ ამას შევძლებდი. ანრის დიდ პატივს ვცემ. ის პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან გათანაბრება მართლაც საოცარი რამ გახლავთ”, – ლამპარდის სიტყვებს BBC აქვეყნებს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ალან შირერი გახლავთ, რომელსაც 260 გოლი აქვს გატანილი. მეორე ადგილზე 187 გატანილი ბურთით “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ენდი კოულია, ხოლო მესამე ადგილი 178 გოლით უეინ რუნის უკავია.