ლამპარდი „ჩელსის“ დაემშვიდობა
ლონდონის „ჩელსის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს. გამოცდილ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის „სტემფორდ ბრიჯს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
ლამპარდმა „ჩელსიში“ 13 სეზონი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 648 მატჩი ჩაატარა და 211 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლამპარდმა „ჩელსისთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს.
„ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ შანსისთვის დიდად მადლობელი ვარ. პორველ რიგში, მადლობას ვუხდი კენ ბეიტს, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა გამიფორმა.
მადლობას ვუხდი რომან აბრამოვიჩს, რომელიც ჩვენს კლუბს მხსნელად მოევლინა. მან „ჩელსი“ ახალ დონეზე გადაიყვანა.
მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომლებიც განვითარებაში ხელს მიწყობდნენ. თითოეული მათგანისგან რაღაც ვისწავლე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდებული თანაგუნდელები მყავდნენ. ისინი არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ მეგობრულადაც გამოირჩევიან.
მთლიან პერსონალს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ეს ხალხი მუდამ ჩრდილში იყო და დიდებას არასდროს იღებდა.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი, მადლობას ვუხდი „ჩელსის“ ქომაგებს. ვთვლი, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გულშემატკივრები არიან. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა, მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები, „ჩელსი“ ჩემს გულში დარჩება.
„ჩელსი“ წინსვლას გააგრძელებს. ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი ამ ფეხბურთელებით ძველ წარმატებულ გზას გაგრძელებს. მადლობა ყველაფრისთვის, გააგრძელეთ ისტორიის წერა!“ – განაცხადა ლამპარდმა.
„ბიბისის“ ცნობით, ლამპარდის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა. წყაროს თანახმად, ინგლისელ ფეხბურთელს ამჟამად 16 სხვადასხვა შემოთავაზება აქვს. ლამპარდის მომავალის შესახებ საუბრისას ყველაზე ხშირად ახლადშექმნილ ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ სიტის“ ასახელებენ.
ბექა დოგრაშვილი