ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.
“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.
შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.
მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.