ლამპარდი მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
“მე ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ხალხი. ფეხბურთს ფეხის ადგმის მომენტიდან ვთამაშობ, პროფესიონალურ დონეზე ოცი წელიწადი ვითამაშე და მაშინაც ისე ვცდილობდი, როგორც ახლა.
წაგება არ მიყვარს. “მანჩესტერ სიტისთან” მარცხმა დამამწუხრა. ჩვენ იმ დღეს უკეთეს გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო დღეს უკვე პროგრესისკენ ვიყავი მომართული. მე სიტუაციას ასე ვუყურებ.
ამ გამოწვევის მიღების სურვილი რომ არ მქონოდა, ტელეექსპერტად ვიმუშავებდი და გაცილებით იოლ საქმეს გავაკეთებდი. სხვების მსგავსად მეც შემეძლო ექსპერტად მუშაობა, მაგრამ არ ვისურვე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “გარდიანი”.
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის თავზე “ჩელსის” სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეცხრე ადგილი უკავია. ხვალ ლამპარდის გუნდი ინგლისის თასის მესამე რაუნდში მეორელიგელ “მორკამს” ეთამაშება.