ლამპარდი: “რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსიში” დარჩენის წინააღმდეგ თავად არ ყოფილა.
“ჩემთვის თუნდაც ერთწლიანი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, “ჩელსიში” დავრჩებოდი. ამ შემთხვევაში, კლუბის დატოვების არავითარი მიზეზი არ მექნებოდა. გიჟი ვიქნებოდი, “ჩელსის” შემოთავაზებას რომ არ დავთანხმებულიყავი. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ რეგულარულად მეთამაშა, თუმცა სულელი არ ვარ და თავადაც ვხვდები ყველაფერს.
ჟოზე მოურინიოსთან საუბარი მქონდა. მასთანაც და “ჩელსისთანაც” კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა ასე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “სანი”.
ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას 2001-დან 2014 წლამდე იცავდა. იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია: 648 მატჩში 211 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ტიტულები.