ლაშა ბექაური: “ბექა ღვინიაშვილი ძალიან ღირსეული ადამიანია”
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და კომენტარი ბექა ღვინიაშვილთან შეხვედრაზეც გააკეთა.
როგორც იცით, ბექაური 90კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალში კი ღვინიაშვილი დაამარცხა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. ეს ევროპის ჩემპიონატი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან კონკურენციის მომენტში ბევრ რამეს წყვეტდა. ძალიან მოტივირებული ვიყავი. კარგი მომზადება მქონდა გავლილი და ყველანაირად მზად ვიყავი ჩემპიონობისათვის. შედეგმაც არ დააყოვნა და ჩემპიონი გავხდი.
როცა ქართველს ვხვდები, ჩემთვის ეს ძალიან რთული და ემოციური მომენტია. მე და ბექას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ამ მარცხს ძალიან ღირსეულად შეხვდა, რაც დასაფასებელია. მე ვიტყვი, რომ ბექა ღვინიაშვილი ძალიან ღირსეული ადამიანია, რაც ფინალის შემდეგ გამოჩნდა”, – თქვა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.